2020 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვების მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოფისებში 2019 წლის 5 ნოემბრიდან და გაგრძელდება 22 ნოემბრის ჩათვლით (პირველი კომისიისთვის)

განმცხადებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების გასაცემი კონკურსის საფუძველზე მიღებული მოქმედი ნებართვა და განცხადების შესავსებად მან უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (მეწარმის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის და/ან იჯარის ან ქირავნობის (ლიზინგის) ხელშეკრულების ასლი;
  • სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერთიფიკტის (A და B) ასლი;
  • სატვირთო ავტომობილის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერთიფიკატის ასლი;
  • ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და ECMT(ITF) მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია (განახლებული);

ნებართვის მაძიებელმა ასევე  უნდა წარმოადგინოს საწარმოში დასაქმებული  (ბრძანების ან ხელშეკრულების ასლი) სატრანსპორტო მენეჯერის და მძღოლის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი CPC დიპლომისა და CPC სერტიფიკატის (კოდი 95)  ქსერო ასლები (მათი არსებობის შემთხვევაში), რაც გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ კვოტების განაწილების დროს.

ნებართვის მაძიებელმა საწარმომ, ტმეკ-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) სახელმძღვანელო დოკუმენტის  „მრავალმხრივი კვოტის სისტემაში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების ხარისხის ქარტია“ II თავის 2.2 მუხლის თანახმად, ასევე უნდა წარმოადგინოს საქართველოში მდებარე დაწესებულების (ოფისი) რეალური მისამართი საკონტაქტო მონაცემებით (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა), რომელზეც შესაძლებელი იქნება კომუნიკაციის დამყარება და მონიტორინგის განხორციელება რეალურ დროში.

აქვე შეგახსენებთ რომ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32-ე დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საწარმოში დასაქმებულ სატრანსპორტო მენეჯერს  შეუძლია წარმართოს არა უმეტეს ოთხი სხვადასხვა საწარმოს სატრანსპორტო საქმიანობა, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს).