საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა სავალდებულო გახდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 1 მარტიდან უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, საქართველოში შემოსვლისთანავე  ვალდებულნი იქნებიან დააზღვიონ საკუთარი პასუხისმგებლობა, არაქართულნომრიანი ავტომანქანით  გამოწვეულ ზარალს, საქართველოს მოქალაქეებს აუნაზღაურებს სავალდებულო დაზღვევის ცენტრი, სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც იქნება მოდერატორი სადაზღვევო შემთხვევებისას და დაარეგულირებს ზარალებს.

როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, კანონის შემუშავების პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. შესაბამისად, ერთობლივად შეიქმნა  პროცედურა, რომლის თანახმადაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენად რიგების შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოირიცხა. კერძოდ, სადაზღვევო პაკეტების შეძენა შესაძლებელია უშუალოდ საზღვრის მიმდებარედ განთავსებულ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ფილიალებში (სარფი, წითელი ხიდი, ყაზბეგი, სადახლო), ასევე სხვა დანარჩენ საზღვრებთან შემდეგ გაყიდვის წერტილებში: ბანკებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, ვებ გვერდზე www.tpl.ge. ამასთანავე უკვე მოქმედებს ცენტრის ცხელი ხაზი ნომერზე 2 301111.

აღსანიშნია, რომ საზღვრის გადმოლახვისთანავე მესაზღვრის მიერ ხდება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მძღოლის ინფორმირება (სიტყვიერად, სამენოვანი ნაბეჭდი პროდუქციის გადაცემით) ქვეყანაში მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის მოქმედების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელი უგულებელყოფს ამ მოთხოვნას, ის დაექვემდებარება საჯარიმო სანქციას 100-დან 200 ლარამდე მოცულობით. დაჯარიმება შეუძლია საპატრულო პოლიციასაც თუკი მოძრაობის წესების დამრღვევ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილს არ აღმოაჩნდება სავალდებულო დაზღვევის პოლისი.