გზამკვლევი

საერთაშორისო მარშრუტზე მგზავრების რეგულარული გადაყვანის განსახორციელებლად პირმა, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს მგზავრების რეგულარული გადაყვანა საერთაშორისო მარშრუტზე, პირველ რიგში უნდა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვა (ნიმუში. დანართი-1), რომელიც გაიცემა კონკურსის წესით.

კონკურსი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში `საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის #1-1/2511 ბრძანებით (დანართი-2 და დანართი-2.1) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

კონკურსს აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება (დანართი-3), რომელსაც დალუქული პაკეტის სახით თან უნდა დაერთოს:

1. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის _ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი (ნიმუში, დანართი-4).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების/ების სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/ების ასლი/ები (ნიმუში, დანართი-5).
3. კონკურსში წარმოდგენილი ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების/ების) ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების (ნიმუში, დანართი-6) შემთხვევაში – ხელშეკრულების/ების ასლი/ები.
4. წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიმუში, დანართი-7).
5. შესაბამისი კატეგორიის მძღოლის/ების მართვის მოწმობის/ების ასლი/ები (ნიმუში, დანართი-8).
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს ხელმძღვანელი პირველი პირის, მენეჯერის – ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირის და მძღოლის ნასამართლეობის შესახებ (ნიმუში. დანართი-9).
7. ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია (ნიმუში. დანართი-10 და დეკლარაციის ბლანკი, დანართი-11).
8. ტრანსპორტის სფეროში საწარმოს მენეჯერის – ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირის პროფესიული კვალიფიკაციისა (ნიმუში, დანართი-12 ან სხვა) და/ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
9. ფინანსური რესურსის (პირის წლიური ანგარიშები, მისთვის ხელმისაწვდომი ფონდები (ბანკში ნაღდი ფულის ჩათვლით), ნებისმიერი აქტივების (ქონების ჩათვლით), მის განკარგულებაში არსებული მინიმალური კაპიტალი, საბანკო გარანტია) არსებობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის მინიმალური თანხა განისაზრვრება გადამზიდველის მიერ გამოყენებული ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 5000 ლარის, ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 2500 ლარის ოდენობით (ნიმუში, დანართი-13 ან სხვა ქონება).
10. პირის წერილობითი დასტური (ნიმუში, დანართი-14) იმის თაობაზე, რომ საწარმოს ხელმძღვანელი პირი, მენეჯერი – ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირი და მძღოლი არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში შრომის ან სატრანსპორტო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევისათვის, მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მართვისა და დასვენების ხანგრძლივობის მარეგულირებელი წესების, გარემოს დაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში.
11. ნებართვის მაძიებლის სამგზავრო გადაყვანის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საოქმო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე (დანართი-15) იხდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის #1-1/2512 ბრძანებით (დანართი-16) განსაზღვრულ მომსახურების საფასურს (100 ლარი) და იღებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვას (ნიმუში, დანართი-1).
კონკურსში გამარჯვებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის მიღების შემდეგ, გადამზიდველმა კონკრეტულ საერთაშორისო მარშრუტზე მგზავრების რეგულარული გადაყვანის ორგანიზების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განაცხადება (დანართი-17), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს `საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ მთავრობათაშორისი შეთანხმებით განსაზღვრული დოკუმენტები, კერძოდ:
ა) პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ უფლებამოსილ გადამზიდველთან ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტულ მარშრუტზე მგზავრების რეგულარული გადაყვანის პირობების შესახებ;
– რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში დამატებით საჭიროა ხელშეკრულება გაჩერების პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებთან;
ბ) პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ უფლებამოსილ გადამზიდველთან შეთანხმებული მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობის განრიგი, ტარიფი და სამარშრუტო სქემა:

• საბერძნეთის რესპუბლიკის შემთხვევაში (ნიმუში, დანართი-18);
• თურქეთის რესპუბლიკის შემთხვევაში(ნიმუში, დანართი–19.1  დანართი–19.2);
• რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში (ნიმუში, დანართი-20);
• სომხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში (ნიმუში დანართი 21, ოთხი კომპლექტი);
• აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემთხვევაში (ნიმუში, დანართი 22, ოთხი კომპლექტი);

• ირანის ისლამური რესპუბლიკის შემთხვევაში (ნიმუში, დანართი 23).

განცხადებას ასევე უნდა დაერთოს:

• მარშრუტისათვის საჭირო ავტობუსების/ების (რომლებიც არ იყო
წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციით) სახელმწიფო
რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)
ასლი (ასლები), (ნიმუში, დანართი-5).

• ავტობუსების (რომლებიც არ იყო წარმოდგენილი საკონკურსოდ) ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების (ნიმუში, დანართი-6) შემთხვევაში – ხელშეკრულების/ების ასლი/ები.
• ავტობუსების (რომლებიც არ იყო წარმოდგენილი საკონკურსოდ) გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიმუში, დანართი-7).
• შესაბამისი კატეგორიის მძღოლის/ების (რომლებიც არ იყო წარმოდგენილი საკონკურსოდ) მართვის მოწმობის/ების ასლი/ები (ნიმუში, დანართი-8).
• ავტოსადგურთან ხელშეკრულების ასლი (ნიმუში, დანართი-24), საიდანაც განხორციელდება მგზავრების რეგულარული გადაყვანა.

განაცხადსა და თანდართული დოკუმენტაციას იხილავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შექმნილი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა/ავტორიზაციის და რეკომენდაციის გაცემის საკითხთა განმხილველი კომისია და იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ გადამზიდველზე პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს წინაშე რეკომენდაციის გაგზავნის შესახებ.
დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაცია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დამოწმებული მთავრობათაშორისი შეთანხმებით განსაზღვრული დოკუმენტაცია (მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობის განრიგი, ტარიფი და სამარშრუტო სქემა) იგზავნება შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში (ტრანზიტის შემთხვევაში, დოკუმენტაცია დამატებით იგზავნება სატრანზიტო ქვეყანის კომპეტენტურ ორგანოში) ნებართვების გასაცემად.
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის (ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელების და ნებართვის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის) გადამზიდველი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე (დანართი-25), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის #1-1/2512 ბრძანების (დანართი-16) შესაბამისად:
ა) საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარს;
ბ) საქართველოს საზღვრიდან 100-დან 1000 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 2000 ლარს;
გ) საქართველოს საზღვრიდან 100ო კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 3000ლარს;
ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ნებართვის, დამოწმებული მთავრობათაშორისი შეთანხმებით განსაზღვრული დოკუმენტაციის (მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობის განრიგი, ტარიფი და სამარშრუტო სქემა) და კონკურსის გზით მიღებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის საფუძველზე გადამზიდველი ახორციელებს მგზავრების რეგუალარულ გადაყვანას კონკრეტულ მარშრუტზე.
პირი, რომელიც განახორციელებს მგზავრების რეგულარულ გადაყვანას საერთაშორისო მარშრუტზე უნდა იცნობდეს დარგში მიღებული ძირითადი ტექნიკური რეგლამენტების `ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“-ს (დანართი-26) და `ავტოსადგურის წესი და პირობები“-ს (დანართი-27) მოთხოვნებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

საკონტაქტო პირი:

სამგზავრო გადაყვანების მთავარი სპეციალისტი ვაჟა გიორგობიანი

ტელეფონი: (+995 599) 30 40 60