ტრეინინგები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ფუნქციონირებს საკვალიფიკაციო ცენტრი, რომელიც სააგენტოს მომსახურების სფეროს ფარგლებში გადამზიდველებისათვის პერმანენტულად ატარებს ერთდღიან საკვალიფიკაციო ტრეინინგებს გადაზიდვების ზოგად კურსში.კურსი მოიცავს საკითხებს, რომლებიც შეეხება ნებართვების და სერტიფიკატების გაცემის და გამოყენების შესახებ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის მოკლე კურსს, დღეისათვის გამოვლენილი სახასიათო პრობლემური შემთხვევების ანალიზს, სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების, სერთიფიკატების და სხვა დოკუმენტების მოქმედების არეალში შემავალი ქვეყნების კანონმდებლობებს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დასაშვებ ზომებსა და მასებს, ასევე სხვა შეზღუდვებს, საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელ მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმებს, ამ რეჟიმების პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობებს (ტაქოგრაფებს) და მათ გამოყენებას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზოგად პრინციპებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯული საწვავის აღრიცხვისა და გამოქვითვის საკითხებს და სხვ.

საკვალიფიკაციო კურსების ჩატარების დროს შესაძლებელია დამატებით იქნას განხილული მსმენელების მიერ დასმული სხვა პრობლემური საკითხებიც.

კურსების ჩატარების შემდეგ მსმენელებს სურვილის შემთხვევაში მიეცემათ ზემოთაღნიშნული საკითხების შესახებ დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიები.

კურსების ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას მსმენელები მიიღებენ ამ საიტიდან.

საკვალიფიკაციო ცენტრის მიერ სააგენტოს შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთდა სემინარების სერიას, რომლის საფუძველზე სააგენტოს მომსახურების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე შეხვედრა სააგენტოს მიერ განებართვიანებული გადამზიდველების პასუხისმგებელ პირებთან, მათი პროფესიული განათლების ამაღლების და ზოგიერთი სახასიათო პრობლემური საკითხების დეტალური განხილვისა და ამ სიტუაციაში საჭირო შესაბამისი რეაგირების მიზნით.

აღნიშნული სემინარების შედეგად კვალიფიკაცია აიმაღლა  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი გადამზიდველის 46 მენეჯერმა და საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამყვანის 8 მენეჯერმა.

ყველა განსახილველი საკითხების შესახებ მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი მასალები.

სპეციფიკური საავტომობილო საკითხების შესახებ მოკლევადიანი ტრეინინგები დეტალური კონსულტაციების სახით პერმანენტულად უტარდებათ საქართველოს შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების, აკრედიტებული ტესტირების ცენტრების, ავტოსადგურების, გადამზიდველების, გადამყვანების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა უწყებების დაინტერესებულ და კომპეტენტურ სპეციალისტებს.