2021 წლის ECMT ნებართვების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

2021 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვების მისაღებად

განცხადებების მიღება დაიწყება საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოფისებში 2020 წლის 5 ნოემბრიდან და გაგრძელდება 25 ნოემბრის ჩათვლით (პირველი კომისიისთვის), დღის 10 საათიდან 13 საათამდე.

განმცხადებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების გასაცემი კონკურსის საფუძველზე მიღებული მოქმედი ნებართვა და განცხადების შესავსებად მან უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (მეწარმის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის და/ან იჯარის ან ქირავნობის (ლიზინგის) ხელშეკრულების ასლი;
  • სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერთიფიკტის (A და B) ასლი;
  • სატვირთო ავტომობილის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერთიფიკატის ასლი;
  • ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და ECMT(ITF) მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია (განახლებული);

ნებართვის მაძიებელმა ასევე  უნდა წარმოადგინოს საწარმოში დასაქმებული  (ბრძანების ან ხელშეკრულების ასლი) სატრანსპორტო მენეჯერის და მძღოლის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი CPC დიპლომისა და საქართველოში მიღებული CPC სერტიფიკატის (კოდი 95) ქსერო ასლები (მათი არსებობის შემთხვევაში), რაც გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ კვოტების განაწილების დროს.

ნებართვის მაძიებელმა საწარმომ, ტმეკ (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია) სახელმძღვანელო დოკუმენტის  „მრავალმხრივი კვოტის სისტემაში საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების ხარისხის ქარტია“, II თავის 2.2 მუხლის თანახმად, ასევე უნდა წარმოადგინოს საქართველოში მდებარე დაწესებულების (ოფისი) რეალური მისამართი საკონტაქტო მონაცემებით (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა), რომელზეც შესაძლებელი იქნება კომუნიკაციის დამყარება და მონიტორინგის განხორციელება რეალურ დროში.

შეგახსენებთ რომ, ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32ე დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საწარმოში დასაქმებულ სატრანსპორტო მენეჯერს  შეუძლია წარმართოს არა უმეტეს ოთხი სხვადასხვა საწარმოს სატრანსპორტო საქმიანობა, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს).

აქვე გაცნობებთ, რომ ავსტრიის კვოტირებული შეუზღუდავი ნებართვები 2021 წლიდან, ავსტრიის მხარის გადაწყვეტილებით, გაიცემა მხოლოდ EURO VI კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

  1. განცხადების ფორმის ნიმუში
  2. შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის ნიმუში
  3. მენეჯერის CPC დიპლომის ნიმუში
  4. საქართველოში მიღებული მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი CPC ბარათის ნიმუში (კოდი 95)
|